ბუბუ და კორეა: ნაწილი 24 – იტევონი (Itaewon/이태원), უცხოელების უბანი სეულში

დადგა ჟამი ეზიაროთ სეულის უბნებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს და მაგიური ძალის მქონეს (განსაკუთრებით უცხოელებისთვის). დღეს ვისაუბრებთ სეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანზე – იტევონზე. და მაინც რა ფენომენია ასეთი?
_62847603_img_0177
იტევონი, ან როგორც ზოგჯერ ეძახიან, “უცხოელების უბანი,” მართლაც რომ უცხოელების უბანია, სადაც კორელზე მეტ უცხოელს შეხვდებით. თავიდან აქ ამერიკელი ჯარისკაცები დასახლდნენ, შემდეგ კი შეჯგუფდა და შეჯგუფდა სხვადასხვა ქვეყნის ხალხი. მალევე იქცა იტევონი კლუბების და ბარების სამოთხედ. არ მეგულება რაიმე ბარის ან კლუბის სახეობა, აქ რომ არ არსებობდეს. ეძებთ რამე უცხოურს? დაადექით გზას იტევონისაკენ!

შენიშვნა: ღამის სეული ძალიან გადაკაშკაშებულია.
შენიშვნა: ღამის სეული ძალიან გადაკაშკაშებულია.

ამბობენ, იტევონი ღამით იღვიძებსო, მაგრამ არც დღისით სძინავს მაინცდამაინც, მე თუ მკითხავთ. თუ მოისურვებთ რომელიმე უცხო ქვეყნის კერძების დაგემოვნებას სეულში ყოფნისას, იცით რა უბანშიც უნდა მიხვიდეთ. განსაკუთრებით დიდი სიმრავლეა თურქული რესტორნებისა. და საერთოდ, კორეაში თურქული კულტურა ძალიან პოპულარულია. კორეისა და თურქეთის მეგობრობა უძველესი დროიდან დაიწყო და განსაკუთრებით გამყარდა მაშინ, როცა თურქეთმა კორეის ომში 15000 ჯარისკაცი გაუგზავნა დასახმარებლად სამხრეთ კორეას. ამას გარდა, კორეულსა და თურქულ ენას ენათა ერთ ოჯახს მიაკუთვნებენ.
Aoaaus
ჩემთვის იტევონი თავიდან ასოცირდებოდა უცხოეთთან კორეაში და ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ მომწონდა იტევონის დათვალიერება და ბოდიალი, ბარები და ა.შ. მაგრამ ახლა პირიქითაა. ახლა იტევონი ჩემთან ასოცირდება მეგობრების შეკრებასთან და ერთად გართობასთან. დაახლოებით იმავე ფენომენთან, რაც ჰონგდეს უბანია (Hongdae – 홍대 – ჰონგიკის უნივერსიტეტის სახელი შემოკლებით. აქაც აურაცხელი ბარები და კარეოკეს ოთახებია, ყველაფერი სტუდენტური ცხოვრების გასახალისებლად). თუმცა იტევონზე ბევრად მეტ მრავალფეროვან ხალხს შეხვდებით, ესაა განსხვავება.
IMG_7183
იტევონზე საყიდლებზე წასვლაც არაა ცუდი იდეა. განსაკუთრებით, თუკი რამე არაკორეულს ეძებთ. სხვათაშორის, აქ ბევრი უცნაური მაღაზია შემხვდა, მაგალითად, ძველად ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩამოტანილი ნივთები, თვითმფრინავის პატარა მოდელების მაღაზია, მყვინთავების ძველი ჩაფხუტების მაღაზია და სხვა. გასაკვირი მხოლოდ მაღაზიები არაა. მაგალითად, ერთ კლუბში შესვლა დასაშვებია მხოლოდ რომელიმე ეროვნების წარმომადგენლებისთვის, ამ მხრივ დისკრიმინაციაა.
რაღაცით ძველ საკერავ მანქანას მაგონებს
რაღაცით ძველ საკერავ მანქანას მაგონებს

იმედია მეტნაკლებად შეგიქმენით იტევონიზე შთაბეჭდილება. არ ვიცი რამდენად აუცილებლად წასასვლელი ადგილია, თუკი რამდენიმე დღით აპირებთ სეულში ჩამოსვლას. მაგრამ თუკი დარჩენას შედარებით დიდი ხნით აპირებთ, წაუსვლელობა არ იქნება.
და ბოლოს, როგორ შეიძლება პოსტი იტევონის შესახებ დავასრულო ამ ვიდეოსგან რაიმე განსხვავებულით? რამდენადაც შევეჩვიე იტევონს, იმდენად მივხვდი, რა კარგად აშარჟებს ეს ვიდეო იტევონის ატმოსფეროს:

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კორეული სიმღერა.

You may also like

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება