ბუბუ და კორეა: ნაწილი 19 – ბიბიმბაბი (ჩემი საყვარელი კორეული საჭმელი)

დაიწყო შემოდგომაც და ახლა ის პერიოდია, დღე-დღეზე რომ უნდა ჩამერიცხოს სტიპენდია, მაგრამ ჯერ მაინც არ მაქვს. თქვენ წარმოდგინეთ ახლა, რაოდენ რთული და ასევე, სასიამოვნოა ჩემთვის ისეთ გემრიელ რამეზე საუბარი, როგორიცაა ბიბიმბაბი.
რატომ გადავწყვიტე მესაუბრა ბიბიმბაბზე მაინცდამაინც ახლა? თვის დასაწყისსა და შუა ნაწილში თითქმის ყოველ დღე (90%) ვჭამ ბიბიმბაბს. ფასი მერყეობს 4-6 ათას ვონს შორის (დაახლოებით 4-6 დოლარი), ჩემი საყვარელი ბიბიმბაბი კი 5.5 ათასი ვონი ღირს. ამიტომ თვის ბოლოს მაინცდამაინც ვერ ვეტანები ხოლმე. მაგალითად, ახლა 20 ათასი ვონი დამრჩა დაახლოებით, თან არ ვიცი ზუსტად, როდის ჩამირიცხავენ სტიპენდიას, რა იცი რა ხდება? ათასი რამ შეიძლება მოხდეს. ესაა ე.წ. “შავი დღისთვის” გადანახული ფული. ხოდა ჭამით თუ არა ვჭამ, დავწერო მაინც ამ რჩეულთა კერძის შესახებ. ბიბიმბაბის გამოა, აქამდე ბევრი კორეული საჭმელი რომ გაუსინჯავი დამრჩა. მენიუში თუ ბიბიმბაბი არის, ყველაფერი სხვა მავიწყდება.
პ.ს. ეს შესავალი რამდენიმე დღის წინ დავწერე და მაქვს ბედნიერება გამცნოთ ოჯახის წევრებს რომ შიმშილი დავასრულე ^_^ (party) ისე ზედმეტად სერიოზულ ხალხს (ბებო, შენ) გეუბნებით, რომ არ ვშიმშილობ, ისე კარგად ვჭამ, დიდ სეჯონგს შეშურდებოდა.

ბიბიმბაბი
ბიბიმბაბი

მოკლედ ძალიან ბევრნაირი ბიბიმბაბი არსებობს, მაგრამ ამ პოსტში ვეცდები თავი არ შეგაწყინოთ და მარტო 2 სახეობის შესახებ მოვყვები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს. :ტირანი:
ესე იგი, პირველი არის ჩვეულებრივი ბიბიმბაბი, რომელსაც ზემოთა სურათზე ხედავთ. ინგრედიენტები სულ სხვადასხვაა და ასე ზუსტად გაწერილი რეცეპტი არ არსებობს. მაგრამ ძირითადად რაც მაქვს ბიბიმბაბებში შემჩნეული, ესაა ბრინჯი (აუცილებლად) კვერცხი (შემწვარი ან მარტო გული (შეუწვავი)), ქონგნამული (Bean sprout, არ ვიცი ქართულად რა დავუძახო), კიმი (კიმჯაბანი – kimjaban) აქვს ხოლმე დროგამოშვებით. წარმოუდგენელია ბიბიმბაბი სპეციალური საწებლის, გოჩუჯანის გარეშე. ეს საწებელიც სულ განსხვავებულია ხოლმე ადგილების მიხედვით და ბიბიმბაბს ცოტაოდენ სიცხარეს ანიჭებს, მაგრამ ამ ბოლო დროს მაგ სიცხარეს სულ ვეღარ ვგრძნობ. ხადახან ბიბიმბაბში კიტრსაც დებენ, ძროხის ხორციც არის ხოლმე ალაგ-ალაგ, სოკო, სტაფილო, სალათის ფურცლებიც და ა.შ. მოკლედ იმდენი რამეა შიგნით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში (wut).
ამდენი სხვადასხვა რამეა გამოყენებული იმ იდეალური და რჩეულთა წილხვედრი კერძის მოსამზადებლად, რომელსაც ბიბიმბაბი ჰქვია.
აი ინგრედიენტების მაგალითი (ბრინჯის, გოჩუჯანის (საწებელს ჰქვია), კვერცხის გარეშე
აი ინგრედიენტების მაგალითი (ბრინჯის, გოჩუჯანის (საწებელს ჰქვია), კვერცხის გარეშე

მაგრამ ჩვენი მსჯელობა კიდევ ერთ პრობლემას წამოჭრის, მეგობრებო! (ბოდიშით ხალხო, რაღაც დებატებთან დაკავშირებულ ვიდეოს ვუყურე ცოტა ხნის წინ). რატომ ჰქვია მაინცდამაინც “ბიბიმბაბი” და არა, მაგალითად, INSERT_NAME_HERE? იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ სიტყვა ბიბიმბაბი (bibimbab, 비빔밥) არეულ საჭმელს ნიშნავს: 비빔 – არევა, 밥 – ბრინჯი, საჭმელი. ბრინჯი და საჭმელი ერთი და იმავე სიტყვა რომაა, არაა გასაკვირი. ჩვენთან თუ პურ-მარილია საქეიფო სიტყვა, აქ – ბრინჯ-მარილი იქნებოდა. პური აქაურ საჭმელს არ უხდება კი არა, ცალკეც კი ჭამენ საერთოდ, ხადახან (უკვე მეც ცალკე დელიკატესად ვჭამ პურსა).
მოიცა, მოიცა, მოიცა. ნუ მიბნევ გონებას მაგ შენი ბრინჯ-პურ-მარილითო, იტყვის ბებოია. რომ ამბობდი ბიბიმ (비빔) არევას ნიშნავსო, რაის არევაზე გაქვს ლაპარაკიო? მოიცა ბებოია, დამამთავრებინე სათქმელი. მეც კი მიჭირს აზრის დალაგება, ყველაფერი ერთად მინდა ვთქვა, მაგრამ არ გამოდის ასე. ერთი წინადადება ვერ გითქვამს ისე, რომ არ გაგკიცხონ, ისეთ დროში ვცხოვრობთ.
bibimbap01
ასე ჩაპიწკინებულად დალაგებულ ინგრედიენტებს რომ უყურებთ სურათზე, ჯერ უნდა არიოთ და მერე ეს არეული გემრიელად შეახრამუნოთ. მე მინახავს ადამიანები, სილამაზის გულისთვის არ ურევენ და ისე თითო-თითოდ ჭამენ ინგრედიენტებს. მეთქი ძამია, თუ ბიბიმბაბი არ გინდოდა, გეყიდა ცალკე სტაფილო, ცალკე სოკო, ცალკე კვერცხი შეგეწვა, გიშლიდა ვინმე? უნდა აურიოთ. მესმის, თავიდან იფიქრებთ, რომ ინგრედიენტთა ასეთი ჰარმონიის დარღვევა დანაშაულია, მაგრამ წესრიგი ქაოსშიაო, ხომ გაგიგიათ. უნდა აურიოთ. აურიეთ კარგად და ისე შეჭამეთ, თორემ ჩემით მოვალ და აგირევთ ბიბიმბაბს. არ შეიძლება რა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. არ არევა და ისე ჭამა იგივეა, რაც ბიბიმბაბზე უარის თქმა! ესაა ბიბიმბაბის უარყოფა!
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და მეორე ბიბიმბაბი არის სუპერ-ულტრა-დელუქს-ტრიდე ჩემი უსაყვარლესი ბიბიმბაბის ნაირსახეობა, რომელსაც ჰქვია დოლსოტ ბიბიმბაბი – 돌솥비빔밥. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბიბიმბაბს დებენ გახურებულ ჯამში, სულ ცოტა ხანი წვავენ (ცხადია, არევის გარეშე) და გახურებულჯამიანად მოაქვთ თქვენთან. დოლსოტ ბიბიმბაბი არის საოცრება. ძირითადად ცივ ამინდებში იციან ხოლმე ჭამა, რომ ადვილად გათბნენ, მაგრამ პაპანაქება სიცხეში ისე კარგად მივირთმევდი, თქვენი მოწონებული.
აი დოლსოტ ბიბიმბაბი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩვეულზე უფრო დიდხანს წვავენ ხოლმე. აი შეხედეთ შუაში რომაა, იმ სურათს. ასე მაინც უნდა აურიოთ, ქაოსმა უნდა დაისადგუროს და შემდეგ კარგად მოასუფთაოთ ჯამი. წარმოიდგინეთ, რომ ბებიასთან ხართ სტუმრად. ასეთი საჭმლის დატოვება ცოდვაა.
აი დოლსოტ ბიბიმბაბი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩვეულზე უფრო დიდხანს წვავენ ხოლმე. აი შეხედეთ შუაში რომაა, იმ სურათს. ასე მაინც უნდა აურიოთ, ქაოსმა უნდა დაისადგუროს და შემდეგ კარგად მოასუფთაოთ ჯამი. წარმოიდგინეთ, რომ ბებიასთან ხართ სტუმრად. ასეთი საჭმლის დატოვება ცოდვაა.

კორეაში მთავარ კერძთან ერთად ბევრ დასაყოლებლებსაც მიირთმევენ, არც ბიბიმბაბია გამონაკლისი. ალაგ-ალაგ კაი კიმჩის, კაი-კაი მოცხარო კიტრის და დამატებითი ქონგნამულის მიყოლება და ეგაა. არ დააყოლოთ გაზიანი სასმელები ან წვენები და ეგეთი ეშმაკის მანქანები! დააყოლეთ მხოლოდ წყალი. მხოლოდ ასე შეიგრძნობთ ნამდვილ ბიბიმბაბს. ამიტომაა, კორეულ პატარა რესტორანში რომ შეხვალ, კოკა-კოლა არ უნდა შეუკვეთო. და საერთოდ, სასმელის შეკვეთა არ შეიძლება ხოლმე. ალკოჰოლი შეიძლება დაგხვდეთ. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, ბიბიმბაბს და, განსაკუთრებით, დოლსოტ ბიბიმბაბს, არ დააყოლოთ ალკოჰოლი. ასიამოვნეთ თქვენს თავს.
დიდი სურვილი მაქვს რომ მეტმა ქართველმა შეძლოს ბიბიმბაბის დაგემოვნება. ასე უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩემს გაგებას. პირველ რიგში, ოჯახის წევრებზე მინდა ვიზრუნო და რამენაირად ვისწავლო ამ კერძის მომზადება მაინც. იმედია ვისწავლი, თორემ ბიბიმბაბი უკვე ჩემი ნაწილი გახდა და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
პ.ს. არ ვიცი, რამდენად კარგი იდეაა კორეულ სამზარეულოზე აცენტის გაკეთება ამ ბლოგში, ამიტომ ძალიან ხშირ-ხშირადაც ნუ დაელოდებით. მე მართლა რაც გულში ცეცხლს მინთებს, იმაზე ვწერ ხოლმე. ამიტომაა რომ რაიმე თანმიმდევრობას თუ ფორმულას არ მიყვება ჩემი ბლოგი. ზოგი იტყოდა, რომ სხვადასხვა თემების *cough*აჯაფსანდალი*cough* გამომივიდა ეს ბლოგი, მაგრამ ჩემი ლექსიკით ამის ცოტა სხვანაირად თქმა შეიძლება.

You may also like

კომენტარის დატოვება